რუსთველისეული პერსონაჟები ბიოგრაფიულ რომანში (როსტომ ჩხეიძის მერაბ კოსტავას ცხოვრების ქრონიკები - „ძენი მუსიკის, დღენი ქარიშხლის“)
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2021.30საკვანძო სიტყვები:
,ვეფხისტყაოსანი“, ტარიელი, ავთანდილი, ზვიადი, მერაბი, მეგობრობაანოტაცია
სტატიაში ხაზგასმულია ბიოგრაფიული რომანის სათაურის იდეურ-შინაარსობრივი დატვირთვა. ზოგადად, როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანების სახელწოდების ალუზიური ხასიათი. პარალელური მსჯელობის საშუალებით შედარებულია „ვეფხისტყაოსნის“ ტარიელ-ავთანდილი და XX საუკუნის ზვიად-მერაბი (ცხოვრების წესით, რაინდული მეგობრობით-ავთანდილ-ტარიელის რეალური სახე). აღნიშნული რომანის მხატვრულ-პუბლიცისტური თხრობის ფონზე საკვლევი საკითხის ნათელსაყოფად დამოწმებულია თითოეული მათგანის სახელის ეტიმოლოგია, რაც არსებითად მიმყვნებელია მთავარ სათქმელთან. „ძენი მუსიკის, დღენი ქარიშხლის“ სათაურის ესთეტიკიდანვე კრავს მერაბისა და ზვიადის ცხოვრების გზას: აღმატებულ ხელოვნებასთან ზიარება, დიქტატორულ რეჟიმთან შერკინება, ბრძოლა ერის სულიერ-ცნობიერი მდგომარეობის სიჯანსაღისათვის. საგულისხმოა, რომ დოკუმენტური მასალები რომანში საოცარი მხატვრული უშუალობით არის გადმოცემული. მართალი მიდგომის, მწერლის შემოქმედებითი თავისთავადობის გამო თითოეული პასაჟი დამარწმუნებელია. მკითხველი თანაზიარი ხდება ამ ორი ხელდასხმული ადამიანის გაუბზარავი მეგობრობისა, ჭეშმარიტად ჯოჯოხეთურ გამოცდებს რომ გაუძლო საბჭოურ ყიამეთში, ასევე ეროვნული მოძრაობის პერიოდში -სათანადო სამსახურების მიერ პროვოცირებული თუ ადამიანური სულმდაბლობით ამპარტავნებააღზევებულ საქართველოშიც. ინფორმაციულ-ცნობიერი ნაკადის კორიანტელი: ლიტერატურის, მუსიკის, პოლიტიკის შრეთა სიღრმეებს რომ მოგატარებს და სათქმელს დახვეწილი თანმიმდევრობით მოგიტანს, როსტომ ჩხეიძის მიერ არჩეული მხატვრული ხერხია.ამ სქელტანიან ნაწარმოებს მთავარ ღერძად გასდევს ჭეშმარიტად რუსთველისეული რაინდული მეგობრობა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასი, განგებამ რომ შეკრიბა კონსტანტინე გამსახურდიას ფუძეზე, კოლხურ კოშკში. ისინი სულიერი წყობით ემსგავსებოდნენ რუსთველისეულ პერსონაჟებს, ბოროტთან ბრძოლის გზაც მსგავსი თვითგაღებით, უფლის მინდობით აირჩიეს.
წყაროები
გამსახურდია ზვიად. 1991. ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება. თბილსი .
კოსტავა მერაბ. 2009. აზრები. შეგონებები. გამონათქვამები (აგშ ). თბილისი.
მიჯნა. N 2-3 (13- 14). 2019 . (მერაბ კოსტავა ,,ძმას ქრისტესმიერს“)
ჩხეიძე როსტომ. 2015. ეკლის გვირგვინი. თბილისი.
ჩხეიძე როსტომ. 2017. ძენი მუსიკის, დღენი ქარიშხლის. თბილისი.
,,ოქროს საწმისი“. 2006. თვითგამოცემის საიუბილეო კრებული. თბილისი.
ჭუმბურიძე ზურაბ. 1987. ,,დედაენა ქართული“. თბილისი.



