ლაზური მოსახლეობა დუზჯეში და მათი თვითაღქმა
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2025.17.19ანოტაცია
მუჰაჯირობა - ამ ტერმინით აღნიშნავენ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც უკავშირდება 1877-1878 წ.წ. რუსეთ-ოსმალეთის ომს. ამ ომის შედეგად გადასახლებულ ადამიანთა ცხოვრებას.
ქართველოლოგიაში მუჰაჯირ ქართველთა ყოფის, კულტურული მეხსიერების, ისტორიული მოვლენების ანალიზი დღეისათვის კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი ყოველთვის იყვნენ დაინტერესებული მშობლიურ წიაღს მოწყვეტილ თანამემამულეთა ბედით. წლების განმავლობაში ეს თემა მიზეზების გამო ტაბუდადებულიც იყო. მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან, როდესაც თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო, ზემოთ აღნიშნული დამოკიდებულებაც შეიცვალა და დღეისათვის არსებობს ნება იმისა, რომ მეცნიერულად დამუშავდეს ყველა ის საკითხი, რომელიც მუჰაჯირ ქართველებსა თუ მათ შთამომავლებთანაა დაკავშირებული. ამ მიზნით უკვე წლებია ეწყობა სამეცნიერო ექსპედიციები, ისტორიულ საქართველოსა თუ გურჯ-ლაზებით დასახლებულ თურქეთის სხვადასხვა რეგიონში. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით იქმნება საინტერესო ნაშრომები ცალკეული ავტორებისა თუ ავტორთა ჯგუფების მიერ.
თურქეთის სახელმწიფოს კეთილი ნებით, აღნიშნული სახელმწიფოს ოთხ დიდ უმაღლეს სასწავლებელში - ყარსში, არდაჰანში, რიზესა და დუზჯეში - ფუნქციონირებს ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულება, სადაც მსურველებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ აკადემიური ინფორმაცია ქართველთა ენის, ლიტერატურის, ისტორიის, კულტურის, ხელოვნების მიმართულებით, ქართველოლოგიის აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით; დაეუფლონ ქართულ სალიტერატურო ენას, რომელსაც პროფ. რევაზ შეროზიას სამართლიანი მოსაზრებით, უნდა ერქვას ქართველთა სალიტერატურო ენა, რომელიც თავისთავად მოიცავს საქართველოს ყველა კუთხის მეტყველთა ენობრივ საგანძურს.
თანამედროვე თურქეთის სახელმწიფო აძლევს შესაძლებლობას თურქეთის მოქალაქე გურჯებსა და ლაზებს (და არა მარტო მათ) იკვლიონ თავიანთი წარსული, რამეთუ სწორი, აკადემიური ინფორმაცია უფრო ამყარებს კულტურულ ურთიერთობებს. დუზჯეს უნივერსიტეტში, სადაც უკვე ათ წელზე მეტია ფუნქციონირებს ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულება, სადაც სტუდენტები აღნიშნულ საკითხებზე მეცნიერული დაკვირვებით ამუშავებენ ნაშრომებს.
უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა, რა თქმა უნდა, მთლიანად არ ემთხვევა არც ჩვენებურთა, აჭარულ მეტყველებას და არც ლაზურს. ეს უძველესი სიტყვაფორმები, რომელიც თაობიდან თაობამ ზეპირი სახით შემოინახა, მისი კვლევა და დაფიქსირება კვლავ საშური საქმეა. მით უმეტეს, როცა ეს ინფორმაციები ჟამთასვლასთან ერთად იშლება მეხსიერებიდან და კულტურულ მემკვიდრეობად რჩება.
დუზჯე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია ჩვენთვის იმით, რომ აქ დიდი რაოდენობით ცხოვრობენ მშობლიურ წიაღს მოწყვეტილი მუჰაჯირი ქართველები, უფრო სწორად, ამჟამად უკვე მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლები. რადგან უკვე საუკუნე-ნახევარზე მეტი გვაშორებს იმ ავბედითი ისტორიისგან, რომელსაც მუჰაჯირობა ჰქვია და ბუნებრივია, ამ ისტორიის მოწმე პირველი თაობა უკვე ცოცხალი აღარაა, მცირე ნაწილია მეორე თაობისა. ჩვენი რესპონდენტები ძირითადად მესამე თაობაა, რომლებიც გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ, თავიანთი წარსულის, წარმომავლობის შესახებ. და დღემდე მეტ-ნაკლებად ინახავენ თავიანთ ისტორიულ ენობრივ საგანძურს.
მუჰაჯირ ქართველებში ჩვენ ვგულისხმობთ გურჯებსა და ლაზებს, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ თურქეთის რესპუბლიკაში, ისინი ამ ქვეყნის ერთგული მოქალაქეები არიან; მათი დიდი ნაწილი საკუთარი ეთნიკური წარმომავლობით არის დაინტერესებული და სხვადასხვა ფორმით ცდილობენ კავშირის დამყარებას თუ ურთიერთობების შენარჩუნებას ისტორიულ ფესვებთან.
საკვლევი თემატიკა ღრმაა და ამოუწურავი. მრავალმხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ლაზურ მეტყველებასა თუ ყოფას, ისტორიას. რადგანაც ეს ნაწილი მაინც ნაკლებადაა შესწავლილი, ეს ფაქტი ხელს უწყობს ლაზთა საბოლოო გაუცხოებას, მოწყვეტას მშობლიური ქართველური წიაღისგან. თუმცა, ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს. გულმხურვალე მამულიშვილი ზაქარია ჭიჭინაძე ლაზეთის ისტორიული წარსულის მოთხრობისას აღნიშნავს, რომ ,,ლაზები ვალდებულნი არიან, კარგად შეიტყონ და შეიგნონ ის გარემოება, რომ იგინი არიან ქართველის ერის მოდგმისანი, რომ მათი სამშობლო არის საქართველო, მათი დედაენა არის ქართული ენის მამამთავარი და მათი დედაენის ანბანიც არის ქართული ანბანი და არა თურქული და არაბული ანბანი, როგორც ამას უქადაგებენ მათ ოსმალონი” (ჭიჭინაძე 1927). ,,ტრაპიზონის იმპერიის მართვა-გამგეობის დროს ყველგან სულ ქართულს ენას და წერა-კითხვას ხმარობდნენ. ქართული ენა და წერა-კითხვა მათ ისე უყვარდათ, რომ თვით ლაზისტანის ტრაპიზონის მთავარ ეპისკოპოსსაც კი ეწოდა ეპისკოპოსი ხალთისა, რაც ნიშნავდა თურმე ,,ეპისკოპოსი ქართლისას... ეს ცნობა ჩვენ აქ იმიტომ მოვიყვანეთ, რომ ვიცოდეთ ლაზისტანის ნაციონალური სულის ძლიერება და საქართველოს წინაშე ერთგული სამსახური, რომლითაც ლაზები უხვად იყვნენ დაჯილდოებულნი” (ჭიჭინაძე 1927).
წინამდებარე ნაშრომში შევეცდებით წარმოგიდგინოთ თურქეთში მცხოვრებ ლაზთა ისტორიული მეხსიერება და თვითაღქმა, ერთი კონკრეტული რეგიონის, დუზჯეს - ლაზების მაგალითზე.
წყაროები
ლაბაძე 2013 : მ. ლაბაძე, მურღულის ხეობაში მცხოვრებ ავტოქთონ ქართველთა - ლაზთა და ლივანელთა - მეტყველების თავისებურებანი (სამეტყველო კოდთა შერევის საკითხები. სადოქტორო დისერტაცია), ქუთაისი, 2013.
სალია 2021 : მ. სალია, შ. ლომაია, ფ. ჩელები. ეროვნულ-ენობრივი ერთიანობის იდეა პროფ. ტარიელ ფუტკარაძის ნაშრომებში. ქართველოლოგიური მემკვიდრეობა, ქუთაისი. 2021
ფუტკარაძე 2006 : ტ. ფუტკარაძე, ქართული ენის ისტორია. 2006. თბილისი.
ტ. ფუტკარაძე, ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები. თბილისი, 2019.
ფუტკარაძე... 2022 : ტ. ფუტკარაძე, მ. ტაბიძე, მ. ლაბაძე, ს. კეკუა, კ.გეჯუა,
ფ. ჩელები, მ. სალია ბეშიროღლუ, ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით. თბილისი 2022.
ქართლის ცხოვრება - ტ I, თბ., 1955.
ქსე 1984 - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.7 თბ., 1984.
ჩელები 2017 : დუზჯეს მხარეში მცხოვრები ქართველების მეტყველების თავისებურებანი (სადოქტორო დისერტაცია). თბ., 2017
ჩოხარაძე 2016 : მერაბ ჩოხარაძე, ქართული ენის გეოგრაფია თურქეთში, 2016, ბათუმი.
ჭიჭინაძე 1927 : ოსმალეთის ყოფილი საქართველო და ქართველ მაჰმადიანთა ნაწილი ლაზისტანი ისტორიულის და ეთნოგრაფიულის მხრით, თფილისი, 1927.
ხორავა 2014 : ბ. ხორავა, ზაქარია ჭიჭინაძე და მუჰაჯირობის საკითხები, ზაქარია ჭიჭინაძის 160 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები; თბ., 2017.
ჯიქია 1975 : სერგი ჯიქია, თურქულ-ლაზური ენობრივი ურთიერთობებიდან 4. თსუ შრომები, თბილისი, 1975.



